Article 90. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
1. სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი.
2. შესაბამის განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/რეაბილიტაციის ზედამხედველმა საქმის წარმოების ფარგლებში: ა) მოვალის ფული ან სხვა ქონება არამართლზომიერად გამოიყენა, პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა; ბ) ფიდუციური მოვალეობა დაარღვია; გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა.
3. თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას დადასტურებულად მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დააკისროს: ა) მოვალის ფულის ან სხვა ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა; ბ) პროცენტის გადახდა; გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოს მიმართავს და სათანადო მასალებს უგზავნის. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
