გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა 1. პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
2.პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ოთხმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
3.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებასა და მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
