1.თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით.
2.დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება განსათავსებელი აქციების რაოდენობა და სახე, აგრეთვე მათი განთავსების წესი და პირობები.
3.კაპიტალის გაზრდისას გამოშვებული აქციები მათი განთავსების მომენტისთვის განაღდებული უნდა იყოს ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით. თუ აქციები ამ ღირებულებებზე მაღალ ფასად არის გამოშვებული, სხვაობა სრულად უნდა იქნეს გადახდილი.
4.თუ კაპიტალის გაზრდისას აქციები არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გაიცემა, ეს შენატანი სრულად უნდა განხორციელდეს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში არაფულადი შენატანი შეფასებული და გამოქვეყნებული უნდა იქნეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით.
