რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 8. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია
1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება; ბ)რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა.
2. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; გ) ამ სფეროებში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობა; დ) ამ სფეროებში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ე) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი კომპეტენციებია: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მაიონებელი გამოსხივების გამზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორის მფლობელი ობიექტისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების მიღება; ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, ინციდენტის ადგილის შესწავლა, გამოსაკვლევი ობიექტის ამოღება და მისი შემდგომი კვლევა; რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის პრევენცია და გამოვლენა; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემების შექმნა, მათი ფუნქციონირების, მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − მისდამი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის სამედიცინო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების დაგეგმვა და ორგანიზება; დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და დასხივებულ პირთა აღრიცხვა; რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია; დასხივებულ პირთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის პროცედურის დადგენა; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა, ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.
