Article 118. საარჩევნო კოლეგია
1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია.
2. საარჩევნო კოლეგიაში შედიან: ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი; გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები. მუხლი 119. პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება 1. პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.
2. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P = A * B / C, სადაც: ა) P არის უფლებამოსილი პარტიისთვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია; ბ) A არის იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, რომელმაც, პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო; გ) B არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი; დ) C არის პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს.
