და საერთაშორისო დამკვირვებლები 1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
2.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ან/და წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ან/და რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
3.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
4.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.
5.საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემას; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებას; გ) პოლიტიკურ მიუკერძოებლობას; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვას.
6.საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება უსკოში. ამასთანავე, უსკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირდება უსკოში.
8.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.
9.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცესკოს მიერ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).

