1.დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2.კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4.დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5.ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
