საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი # # # # # # #
1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.
2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა.
