1.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია: ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს: ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს; ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს; ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს; ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს; გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ; დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.
