1.სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 1 1 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.
2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2 1 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ერთიანად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, მისი არჩევის პროცედურა ხელახლა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3.( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).
4.საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 7 წევრზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
