Article 105. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა
1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.
2. საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.
3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
