1.სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა; ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა; ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა; ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3.სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3 1 . სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს შესაბამის მონაცემთა ბაზას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. 3 2 . საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესებს.
4.სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4 1 . სააგენტო თავისი ფუნქციების შესასრულებლად და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს იყენებს. 4 2 . სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესრულებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელექტრონული დოკუმენტების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით განახორციელოს.
5.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით . საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2053 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5023 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №654 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №420 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. მუხლი 4 1 . სამოქალაქო რეესტრი სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.