1.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს თავდაცვის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.
2.თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.
3.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავდაცვის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.
4.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს თავდაცვის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეიძლება დაფუძნებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატი, რომლებშიც შედიან აპარატის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი.
5.საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვრება: ა) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნასთან და მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლისა და საქმიანობის (მათ შორის, მათი შეფასების) წესი, აგრეთვე მათი თანამდებობების დასახელებები.
6.თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და მათ აპარატებს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ პირებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7.თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
8.თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
9.თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.
10.საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3670 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. მუხლი 32 1 . პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინონ პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.
2.პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.
3.ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყვნენ ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის აპარატები.
4.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
5.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები, მივლინებებისა და აპარატების შენახვის ხარჯები კომპეტენციის ფარგლებში განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით.
6.პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 6 1 . უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.
7.პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
8.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაფარავენ ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.
9.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3928 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1108 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.