„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

2.მიწის ნაკვეთი არის ტერიტორია, რომელსაც აქვს გეომეტრიული ერთიანობა და რომელიც მოქცეულია ერთიან საზღვრის კონტურსა და ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება.

3.მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება, ასევე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

5.მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით.

6.რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა.

7.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, განცხადებით მიმართავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოუფენ ნეტი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:

404497790). განცხადებით უნდა დგინდებოდეს ხაზობრივი ნაგებობის „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მშენებლობის ფაქტი.

8.ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ სააგენტოს განცხადებასთან ერთად წარუდგენს: ა) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მფლობელის კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ თანხმობას, რომლითაც დადასტურდება მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის აშენების ნება; ბ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ამსახველი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ციფრულ ვერსიას.

9.სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ხაზობრივი ნაგებობის ადგილმდებარეობის სისწორეზე პასუხისმგებელია ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“.

10.ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოშობს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რომელზეც განთავსებულია ეს ხაზობრივი ნაგებობა.

11.თუ სარეგისტრაციო დოკუმენტში არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად მითითებულია მცდარი ფართობი, სააგენტო ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობების შესაბამისად.

12.„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (შემდგომ – „ბრძანებულება“) საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა.

13.თუ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი სადგომი, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემების ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე.

14.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ არ დგინდება იურიდიული პირის დამფუძნებლის/პარტნიორის/წევრის შესახებ მონაცემები, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება დომინანტი პარტნიორი.

15.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დომინანტი პარტნიორის შესახებ და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან.

16.თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დგინდება პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, სააგენტოს, ასევე, უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი დომინანტი პარტნიორის შესახებ.

17.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რომელიც არ არის იურიდიული პირი, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის წევრები.

18.საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესით“ გათვალისწინებული ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას, სააგენტოს დამატებით უნდა წარედგინოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის იდენტურობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 8 იანვრის ბრძანება №670 - ვებგვერდი, 12.01.2021 წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-277(2კ-2022)2024-02-0124ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და გაზრდილ ფართსა და ანტრესოლზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და რეგისტრირებულ საკუთრებაში გაზრდილი ფართისა და ანტრესოლის ასახვის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კედლის დათხელებით მიღებული დამატებითი ფართის რეგისტრაციას არ ჰქონდა საჭირო ნებართვა და უფლების დამადასტურებელი საფუძველი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ანტრესოლის მოწყობისას კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვა არ დასტურდებოდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-338(კ-2021)2022-04-1442ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილობა და რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების, სხვა პირის სახელზე რეგისტრაციისა და შემდგომი სარეგისტრაციო წარმოების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის გაუქმება დაუსაბუთებელი იყო, რადგან მისი უფლების საფუძვლად არსებული დოკუმენტები ძალაში რჩებოდა. სასამართლომ სამი გადაწყვეტილება ბათილად ცნო, ხოლო სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააუქმა და სააგენტოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

  • №ბს-869(კ-2025)2026-01-1539ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერისა და გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თელავის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და გადაწყვეტილებების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო სარეგისტრაციო დოკუმენტების არსებობისა და უპირატესი უფლების დასადგენად საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობისას გამართლებული იყო სადავო აქტის ბათილად ცნობა დავის გადაუწყვეტლად. ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებით უნდა გამოიკვლიოს გარემოებები და გამოსცეს დასაბუთებული აქტი, რომლის შინაარსსაც სასამართლო წინასწარ არ განსაზღვრავს. სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • №ას-278-20252025-10-3141სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    შეუძლია თუ არა მიწის მართლზომიერ მფლობელს ნეგატორული სარჩელის აღძვრა, როდესაც საჯარო რეესტრიდან საკუთარ სახელზე ამონაწერი არ აქვს წარმოდგენილი?

    მოსარჩელე მოითხოვდა მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობის შეწყვეტასა და ელექტროგადამცემი ბოძით გამოწვეული ხელშეშლის აღკვეთას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელით სარგებლობა შეუძლია მართლზომიერ მფლობელსაც და მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს სხვისი მიწით სარგებლობის მართლზომიერი საფუძველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა და ხელშეშლა, ხოლო მოპასუხის შედავება დაუსაბუთებლად შეაფასა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ბს-430(კ-2023)2024-02-1417ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    საკომლო ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის გასაჩივრება და ახალი რეგისტრაციის მოთხოვნა

    მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან სხვა პირთა საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებასა და ქონების მის და სხვა პირთა სახელზე რეგისტრაციას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ საკომლო წიგნის ქრონოლოგიური ჩანაწერებისა და რეგისტრაციის საფუძვლების შეფასებით გაიზიარა დასკვნა, რომ სადავო ქონება ორი კომლის თანასაკუთრებას წარმოადგენდა. პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდის გასაქარწყლებლად მყარი მტკიცებულებებია საჭირო. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №ბს-299(კ-2022)2023-05-0516ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    ელექტროგადამცემ ხაზებზე საკუთრების რეგისტრაციაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრების უარყოფის ბათილად ცნობა და რეგისტრაციის დავალება

    დავა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარს ათი კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ზოგადად უძრავი ნივთია, თუმცა ხაზობრივი ნაგებობა, რომელზეც მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, სპეციალური წესით მხოლოდ რეგისტრაციის მიზნებისთვის არ მიიჩნევა უძრავ ნივთად. სასამართლომ დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტს სადავო ნაგებობებისთვის განსხვავებული სანებართვო მოთხოვნა არ დაუწესებია და სააგენტოს უარი კანონიერად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
215⁶1214966⁶ (…1272 (მე…522161715
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა