მუხლი 144. პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
1. პარტნიორს უფლება აქვს, გავიდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინტერესებს, ანდა თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი საფუძველი/გარემოება: ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი მნიშვნელოვნად შეიცვალა; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო ამ კანონის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზედაც ვრცელდება.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის საფუძველია პარტნიორთა გადაწყვეტილება, პარტნიორს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ მას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია.
3. პარტნიორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წერილობით უნდა შეატყობინოს ამ საზოგადოებიდან მისი გასვლისა და გასვლის მიზეზების თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სხვა პარტნიორებს აცნობებს ამ პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ, რის შემდეგაც პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემის, აგრეთვე მისი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის გადაცემის, დანარჩენ პარტნიორებზე პროპორციულად გადანაწილების ან გაუქმების შესახებ.
4. თუ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში პარტნიორები არ მიიღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტილებით უარს იტყვიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე, ხელმძღვანელი ორგანო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს. თუ ხელმძღვანელი ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში არ აცნობებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს პარტნიორთა მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, მიიჩნევა, რომ პარტნიორებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე უარი განაცხადეს.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მათი შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში − მხარეების მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. თუ მხარეები დამოუკიდებელი აუდიტორის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან, დამოუკიდებელ აუდიტორს ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო.
6. მხარეებს დამოუკიდებელი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება თანაბრად ეკისრებათ და ისინი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთვის მის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
