1.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევებისთანავე უზრუნველყოფის აქტივების მართვის ( მათ შორის , განკარგვის ) უფლებამოსილება პროგრამის ადმინისტრატორს გადაეცემა . პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტის სახელით დადოს გარიგებები და შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები ( მათ შორის , განახორციელოს იპოთეკიდან გამომდინარე უფლებები , მოიზიდოს სახსრები იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა დროულად შესასრულებლად ), რომლებიც აუცილებელია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების სათანადოდ ადმინისტრირებისთვის , რათა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები სრულად , ემისიის პირობების / სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად დაკმაყოფილდეს . პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ემიტენტს როგორც სასამართლოში , ისე სასამართლოს გარე ურთიერთობებში .
2.პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია მისი დანიშვნიდან 2 კვირის განმავლობაში შეაფასოს , რამდენად აკმაყოფილებს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონისმე -7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს თუ არა პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფუძველი . პროგრამის ადმინისტრატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს . პროგრამის შეფასების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა განიხილოს პროგრამის მოქმედების გაგრძელების , რესტრუქტურიზაციის ( მათ შორის , პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების ) ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა .
3.თუ ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების დასრულებისთანავე ემიტენტის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მოითხოვოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან იმ აქტივების ამორიცხვა , რომლებიც უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ნაწილია და პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად აშკარად არ იქნება აუცილებელი . პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების საფუძველზე უარი განაცხადოს უზრუნველყოფის აქტივების ამორიცხვაზე . ამ საკითხზე მხარეებს შორის უთანხმოების არსებობისას შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი .
4.პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია გადასწიოს პროგრამის ერთი ან რამდენიმე ემისიის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი ამ მუხლის მე -5 პუნქტის პირობების დაცვით . აღნიშნული თარიღის გადაწევის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს . პროგრამის ადმინისტრატორს ასევე უფლება აქვს , გადასწიოს იპოთეკური ობლიგაციების პროცენტების დაფარვის თარიღი , რომელიც დგება პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნიდან 1 თვის განმავლობაში , არაუგვიანეს აღნიშნული ერთთვიანი პერიოდის ბოლო დღისა . ამ კანონის მე -16 მუხლის მე -3 პუნქტის მიუხედავად , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის ან / და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევა პროგრამის კრედიტორისთვის არ წარმოშობს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლებას . პროგრამის ადმინისტრატორმა ამ პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ერთი ემისიის ( ერთი და იმავე პირობების მქონე ) ყველა იპოთეკურ ობლიგაციასთან მიმართებით თანაბრად უნდა განახორციელოს . თუ პროგრამის ფარგლებში გამოშვებულია სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციები , პროგრამის ადმინისტრატორმა საკუთარი უფლებამოსილება იმგვარად უნდა განახორციელოს , რომ არ შეიცვალოს პროგრამის ფარგლებში იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხების დაფარვის რიგითობა . თუ ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული , იპოთეკური ობლიგაციის ძირითად თანხას იმ პერიოდისთვის ( ვადისთვის ), რომლითაც გადაიწია მისი დაფარვის თარიღმა , დაერიცხება პროცენტი თარიღის გადაწევამდე მოქმედი , ემისიის პირობებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად . დაყოვნებულ პროცენტებს ასევე დაერიცხება პროცენტი ისე ( იმავე წესითა და პირობებით ), როგორც დაყოვნებულ ძირითად თანხას . პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებას იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა თანხმობა არ სჭირდება .
5.პროგრამის ადმინისტრატორის მიერ იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის გადაწევის მომენტისთვის ( გარდა იმ შემთხვევისა , თუ აღნიშნული თარიღის გადაწევის ვადა პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნიდან 1 თვეს არ აღემატება ) შესრულებული უნდა იყოს ყველა შემდეგი პირობა : ა ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ამ კანონის 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად ; ბ ) თარიღის გადაწევა აუცილებელი უნდა იყოს ამ კანონის 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად ; გ ) უნდა არსებობდეს საფუძველი ვარაუდისთვის , რომ თარიღის მაქსიმალური ვადით გადაწევის შემდეგ ( აღნიშნული თარიღის გადაწევის სხვა , დამატებითი შესაძლებლობების გათვალისწინებით ) შესაძლებელი იქნება პროგრამის ვალდებულებების დროულად შესრულება .
6.პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორებს შესთავაზოს ერთი ან რამდენიმე წინადადება პროგრამის მოქმედების გაგრძელების , რესტრუქტურიზაციის ( მათ შორის , პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების ) ან ლიკვიდაციის შესახებ . პროგრამის ადმინისტრატორი წარადგენს იმ წინადადებებს , რომლებსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად .
7.პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია პროგრამის კრედიტორებს წარუდგინოს ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება ( წინადადებები ), თუ ამ კანონის 22- ე მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად რეზოლუციის კომიტეტის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება ან პროგრამა გადახდისუუნაროდ არის გამოცხადებული .
8.პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია პროგრამის კრედიტორები უზრუნველყოს მათთვის შეთავაზებულ წინადადებასთან ( წინადადებებთან ) დაკავშირებით მათ მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ყველა ინფორმაციით . საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორმა ინფორმაციის მიწოდების პირობად შეიძლება მოითხოვოს პროგრამის კრედიტორთან კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმება . პროგრამის კრედიტორები წარდგენილ წინადადებასთან ( წინადადებებთან ) დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე , რომლის მოწვევასა და ჩატარებას უზრუნველყოფს პროგრამის ადმინისტრატორი . კრება ტარდება პროგრამის ადმინისტრატორის მიერ წინადადების ( წინადადებების ) წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა და არაუგვიანეს 2 კვირისა . პროგრამის ადმინისტრატორი კრებაზე წარადგენს როგორც საკუთარ წინადადებას ( წინადადებებს ), ისე პროგრამის კრედიტორთა მიერ შეთავაზებულ წინადადებას ( წინადადებებს ) ( არსებობის შემთხვევაში ). კრება გადაწყვეტილებაუნარიანია , თუ კრებაზე დამსწრე პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები პროგრამის კრედიტორთა საერთო ხმების სულ მცირე 75 პროცენტს შეადგენს . პროგრამის კრედიტორთა ხმის უფლება მათი კუთვნილი მოთხოვნების პროპორციულად განისაზღვრება . ემიტენტის მფლობელობაში არსებული იპოთეკური ობლიგაციები ამ პუნქტის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება . პროგრამის კრედიტორები გადაწყვეტილებას იღებენ კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პროგრამის კრედიტორთა ხმების უმრავლესობით . თუ კრებას ერთზე მეტი წინადადება წარედგინა , კრების მიერ მიღებულად მიიჩნევა ის წინადადება , რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო . თუ პროგრამის კრედიტორები ამ პუნქტის შესაბამისად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას , პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ( ხოლო ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვალდებულია ) მათ წარუდგინოს განახლებული წინადადება . აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებითა და ამ პუნქტით დადგენილი წესები . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგინოს პროგრამის კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი .
9.პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე , თუ იგი აშკარად არღვევს პროგრამის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს ( გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც პროგრამის კრედიტორი გარკვევით აცხადებს თანხმობას მის მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე ) ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს , აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში . საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე , თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს სარეზოლუციო ინსტრუმენტს ამ კანონის 22- ე მუხლის მე -4, მე -6 ან მე -7 პუნქტის შესაბამისად და პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება ამ ინსტრუმენტს ეწინააღმდეგება , ან თუ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისება ეწინააღმდეგება ამ კანონის 21- ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს . თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ პუნქტის თანახმად არ დაამტკიცებს წინადადებას , პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ( ხოლო ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვალდებულია ) პროგრამის კრედიტორებს წარუდგინოს განახლებული წინადადება . აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ მუხლის მე -6− მე -8 პუნქტების დებულებები . ამ პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული წინადადება პროგრამის კრედიტორთათვის სავალდებულოა და მის განხორციელებას პროგრამის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს .
10.სპეციალური მმართველი ( არსებობის შემთხვევაში ), ლიკვიდატორი ან ემიტენტის სხვა წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ადმინისტრატორისთვის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული ან / და პროგრამის ადმინისტრატორის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტის ხელმისაწვდომობა . ამასთანავე , პროგრამის ადმინისტრატორმა და სპეციალურმა მმართველმა ( არსებობის შემთხვევაში )/ ემიტენტის ლიკვიდატორმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც რეზოლუციის / ლიკვიდაციის წარმოებისთვის ან უზრუნველყოფის აქტივების მართვისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს .
11.საკუთარი ფუნქციების შესრულებისას პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ისარგებლოს ემიტენტის შრომითი და მატერიალური რესურსებით . პროგრამის ადმინისტრატორის თხოვნით ემიტენტმა ( მათ შორის , ემიტენტის ლიკვიდატორმა , სპეციალურმა მმართველმა საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში ) უნდა შეასრულოს პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი მოქმედება ( ტრანზაქცია ) და არ უნდა შეასრულოს მისი ხელშემშლელი რაიმე მოქმედება ( ტრანზაქცია ). პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების , როგორც პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების , ანაზღაურება .
12.პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვის ფარგლებში დაიცვას კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საქართველოს კანონმდებლობით ემიტენტის მიმართ დადგენილი სხვა მოთხოვნები .
13.პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და წესით წარუდგინოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობისა და მის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ანგარიში .