1.მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ , ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
1¹.მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო.
1².მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვისა და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.
2.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
3.სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას მუნიციპალიტეტის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1964 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2016 წლის 28 აპრილის კანონი №5069 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1260 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3877 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6943-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.