მნიშვნელოვანი ცვლილებები საიმიგრაციო კანონმდებლობაში: რა უნდა იცოდნენ დამსაქმებლებმა და თვითდასაქმებულმა უცხოელებმა?

დავიწყოთ იმ ცვლილებებით, რომელიც შეეხება შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს:
დადგენილებით გაუქმდა შრომითი იმიგრანტის დამსაქმებელი კომპანიის მიმართ, შრომით იმიგრანტის დაქირავებამდე (შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვებამდე), დასაქმების სააგენტოს ვებ გვერდზე, პოტენციური ვაკანსიის განთავსების ვალდებულება. ნაცვლად ვაკანსიის განთავსებისა, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საერთო რაოდენობის 5 პროცენტი 5 ადამიანზე ნაკლებია), იგი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების თაობაზე მომართვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, სააგენტოს ელექტრონული ფორმით შეუთანხმოს წლიური კვოტა შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge. აღნიშნულისათვის წარდგენილი უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შრომითი იმიგრანტის დასაქმების მსურველი ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი საქმიანობის უფლების მსურველ თითოეულ უცხოელზე;
სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შედეგად განუსაზღვრავს კონკრეტულ დამსაქმებელს წლიურ კვოტას. აღნიშნული კვოტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში ადგილობრივ დამსაქმებელს ექნება უფლება კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. დადგენილი კვოტა შესაძლებელია, გაიზარდოს კონკრეტული დამსაქმებლის მიერ კვოტის ზრდის საჭიროების შესახებ შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის (www.labourmigration.moh.gov.ge) მეშვეობით დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში;
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება ბიზნეს სუბიექტთა ვიწრო წრეზე, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე;
აღსანიშნავია, რომ კვოტის შეუთანხმებლობა დასაქმების სააგენტოსთან, შრომითი საქმიანობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
ცვლილებები ასევე შეეხო პირთა იმ წრეს, რომელთაც არ მოეთხოვებოდათ შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვება, კერძოდ, ძველი რეგულირებით, იმ არარეზიდენტ პირს, რომელიც ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება- არ მოეთხოვებოდა შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვება, თუმცა ცვლილებების ახალი პაკეტით, ეს წესი არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც ეს უცხოელი არის მეწარმე ფიზიკური პირი და ქვეყანაში კანონიერად ყოფნისთვის სჭირდება ბინადრობის ნებართვა;
რაც შეეხება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესს:
ახალი ცვლილებები შეეხებო რიგი საკითხების რეგულირებას, რომელთაც დიდხანს ველოდით საიმიგრაციო სამართლის იურისტები.
კერძოდ, ცვლილებებამდე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახლად დაფუძნებულ საწარმოს არა რეზიდენტ თანამშრომელს ან ახლად დაფუძნებული საწარმოს არა რეზიდენტ დამფუძნებელს, მოპოვებული შრომითი საქმიანობის ნებართვის შემდეგ, მიემართა სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შესაბამისი ტიპის ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას ავალდებულებდა აღნიშნულს, თანაც შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მიზეზი შემდეგია: შრომითი ბინადრობის მოპოვებისათვის, სავალდებულოდ წარსადგენია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე (ხოლო თუ საწარმო დღგ-გადამხდელი არ არის, ამის შესახებ ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და დამატებით, სხვა ცნობა (პრაქტიკაში-საბანკო ცნობა), რომელიც აღნიშნულ ბრუნვას დაადასტურებს)
შესაბამისად, პირველი მარტიდან რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების არარეზიდენტი დამფუძნებლებისა თუ თანამშრომლებისთვის, პრაქტიკულად აიკრძალა შრომითი საქმიანობის განხორციელება, რადგან ბუნებრივად ვერ ექნებოდათ 50.000 ლარის ბრუნვა დაფუძნებისთანავე, მით უფრო, რომ დაფუძნებიდან ბინადრობის ნებართვის მოპოვებამდე, ლეგალურად საქმიანობის უფლება არ ჰქონდათ. თუმცა, 9 ივლისის ცვლილებების პაკეტით, აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა და ზემოხსენებული ცნობების წარდგენა პირს (დამფუძნებელი/ მეწარმე/დასაქმებული) არ ევალება, თუ საწარმოს არ ჰყავს 3 უცხოელზე მეტი დასაქმებული, მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე და მასზე შრომითი ბინადრობის ნებართვა აღნიშნული ცნობის წარდგენის გარეშე გაიცემა პირველად. ასეთ შემთხვევაში პირი წარადგენს საწარმოს მიერ გაცემულ ცნობას უცხოელ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვის ვადით.
2026 წლის 1 ივლისიდან, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონშიც.
კერძოდ:
D1 კატეგორიის ვიზა: დაკონკრეტდა და დაიხვეწა D1 კატეგორიის ვიზის არსი. ახალი რედაქციით იგი გაიცემა უცხოელზე, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება გაიცეს ასევე პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
სასწავლო ბინადრობის ნებართვა:(ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან) შეიცვალა წესი, რომლის მიხედვითაც სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა როგორც ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლაში) რეგისტრირებულ არასრულწლოვან მოსწავლეზე, ისე უმაღლეს სასწავლებელში რეგისტრირებულ სტუდენტზე. ახალი რედაქციით, აღნიშნული ნებართვა გაიცემა მხოლოდ სრულწლოვან პირზე, რომელიც საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის, ასევე, სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დაემატა ახალი, D6 კატეგორიის ვიზა: რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირზე; საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირზე მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება გაიცეს აგრეთვე მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზე უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)
სასწავლო ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძველი:(ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან) კანონპროექტი ადგენს ახალ ვალდებულებას, რომელიც აქამდე არ არსებობდა: სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა და საქართველოს მოქალაქის მეუღლის სტატუსი:(ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან) იცვლება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესები. მოქმედი რედაქციით, საქართველოს მოქალაქის მეუღლეს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ პირდაპირ შეეძლო მიემართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოთხოვნით. ცვლილებების თანახმად, ყალიბდება ახალი სტატუსი – „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა“,რომელიც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე გაიცემა 1-1 წლის ვადით, 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ პირს შეეძლება მოითხოვოს მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის სხვა საფუძვლები: მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ 10-წლიან ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ ან მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
ფიქციური ქორწინების პრევენცია: ფიქციური ქორწინებების თავიდან ასაცილებლად, კანონპროექტი ადგენს ქორწინების ნამდვილობის შემოწმების მეთოდებს, მათ შორის გასაუბრებებს, ვიზიტებს წყვილის საცხოვრებელ ადგილას და სხვა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ბინადრობის ნებართვა: დაზუსტდა IT ბინადრობის ნებართვის არსი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შრომით იმიგრანტზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, და მის ოჯახის წევრებზე; უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, მიღებული აქვს შრომითი საქმიანობის უფლება, ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას IT სფეროში, და მის ოჯახის წევრებზე; აგრეთვე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, და მის ოჯახის წევრებზე.
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. ხოლო შრომითი იმიგრანტი ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს IT სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მისი წლიური ანაზღაურება არ არის 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ კატეგორიის ნებართვა შეიძლება გაიცეს პირზეც, რომლის საქმიანობაზეც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი. საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ვიზის/ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები: დაზუსტდა პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი საფუძვლები (მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტები) და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
საქართველოდან გაძევების დამატებითი საფუძვლები: უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლებს ემატება შემდეგი პუნქტები:
ი) მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების პირობები;
კ) მან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა შრომითი საქმიანობა.
უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის თაობაზე ცნობა (მუხლი 213): (ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან) კანონში განხორციელებული ცვლილებები ადგენს ახალი ტიპის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების მისაღებად (გარდა სამედიცინო მომსახურებისა), უცხოელს შეიძლება მოეთხოვოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის წარმოდგენა.
აღნიშნულ ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყება. ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი პირი იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე. იმ სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურებათა ჩამონათვალს, რომელთა მისაღებადაც სავალდებულო იქნება ამ ცნობის წარდგენა, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
შენიშვნა: ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია კონკრეტულად რა სერვისებისთვის გახდება აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულო, ასევე ბუნდოვანია მისი გაცემის ვადა და ვალიდურობა, თუმცა განმარტებით ბარათში დაზუსტებული სავარაუდო საფასური 50 ლარს შეადგენს.
ასევე ცვლილებაა გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით. მოქმედი რედაქციით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი საჩივრდება გადაწყვეტილების საიტზე განთავსებიდან 1 თვის ვადაში. კანონპროექტის თანახმად კი, ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად, კანონპროექტით ასევე დადგინდა და შეიცვალა უამრავი პროცესუალური საკითხი ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელის აღმოჩენის, დაკავების, დროებითი განთავსებისა და გაძევების პროცედურებთან დაკავშირებით, რაც დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის სამართლებრივ აქტებში.
შენიშვნა: სტატიაში განხილულია ამოქმედებული ცვლილებების ნაწილი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სრულად სანახავად, გთხოვთ იხილოთ:
1. საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ
2. საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №520 (2014 წლის 1 სექტემბერი)
4. შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №70 (2026 წლის 20 თებერვალი)
დაუკავშირდით ავტორს
გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.
