მუხლი 157 – პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 157 იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ამ მუხლით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ციფრულ ეპოქაში, როცა ინფორმაცია მარტივად ვრცელდება, ეს ნორმა პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება – დაწყებული პირადი კორესპოდენციიდან, დამთავრებული სოციალურ ქსელში გავრცელებული ინტიმური მასალით.
მუხლი ორ განსხვავებულ ობიექტს აერთიანებს: პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს. ქმედების ფორმებიც მრავალფეროვანია – მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. ანუ დანაშაული არ არის მხოლოდ ინფორმაციის მოპარვაზე დაყრდნობილი – მისი შემდგომი გამოყენება და გავრცელებაც ცალკე ფორმებად არის ჩამოთვლილი.

