საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 55^1. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური მმართველის მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით: ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა; ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითიგავლენის თავიდან აცილება; გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა; დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა; ე) მომხმარებელთა სახსრებისა და აქტივების დაცვა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი იღებს ყველა ზომას რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორთა დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას.
