საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 243. საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა
1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
2. პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ პირს ელექტრონულად ეგზავნება.
3. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა.
4. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
5. საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1898 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5658 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1808 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
