1.პირის საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობისას საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15 პროცენტის ოდენობით ყოველი დაგვიანებული დღისთვის, რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო/საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, თუ მას თან ახლავს ფულადი სახსრების ამ კოდექსის 54-ე მუხლის 1 1 ნაწილისა და 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სხვა მიმართულებით გადარიცხვა, – იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო/საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა.
3.საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა იმ დოკუმენტის წარდგენის გარეშე, რომლითაც დასტურდება გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისთვის სხვა ანგარიშის გახსნა – იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე განხორციელებული გასავლის ოპერაციების თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
4.საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ საბანკო დაწესებულებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით. 4 1 . საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის ოპერაციის განხორციელება – იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
6.თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში.
7.საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის დავალების შესაბამისად გადაერიცხა სხვა პირს, მაგრამ არაუმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა.
8.პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, იგი ვალდებულია საბანკო დაწესებულების ამ მოქმედების შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს საბანკო დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.






