1.სამინისტრო და ქონების სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.
2.სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
3.სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
4.(ამოღებულია - 21.04.2017, №657) .
5.სამინისტროს ან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური საშუალებით ან/და ელექტრონული საშუალებით.
6.სამინისტრო და ქონების სააგენტო მათთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას.
7.სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების საშუალებით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.
8.ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.



