1.ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2.კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით; ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით; გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე; დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია); ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა; ვ) საწარმოს (საზოგადოების) კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით), გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების შეძენისა; ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა); თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით; ი) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (გარდა კომერციული ბანკისა და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) რეგისტრაციიდან (გარდა პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების რეგისტრაციისა) 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა (გარდა ერთ საბანკო დაწესებულებაში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციებისა); კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ანგარიშიდან გადარიცხვა; ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია). 2 1 . საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება; ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია); გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება; დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება. 2 2 . სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა; ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა; გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა; დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება; ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი; ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია); ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება. 2 3 . ადვოკატისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება, როდესაც ადვოკატი ან საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში: ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.
3.შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
4.მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5.ამ მუხლის პირველი–23 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით. 5 1 . ადვოკატი და პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნიან იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.
6.საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით და ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, აგრეთვე ამ კანონის 6 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება პირს გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს ასევე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
8.მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები იმაში დასარწმუნებლად, რომ ყურადღებას აქცევენ ყველა გარიგებას (ოპერაციას) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით.
9.მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 2 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 2 2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებებს (ოპერაციებს), რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან, განახორციელონ რისკის შესაბამისი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
10.მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.83 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 -სსმ I, №66.03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3901 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.





