1.რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით “.
2.ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე.
3.საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე.
4.განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას.
