Статья 11. განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს.
