1.კაპიტანი, ოფიცერი, რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს კონვენციის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული სერტიფიკატი (გარდა STCW-ის კოდექსის V/3 რეგლამენტით ან VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და რომელიც მსახურობს ან აპირებს იმსახუროს გემზე, ვალდებულია ეს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს. აღნიშნული პირის სერტიფიკატი განახლდება, თუ: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) პირს აქვს განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით ან სერტიფიკატის განახლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით; ბ.ბ) შესრულებული აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისთვის სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების ეკვივალენტური ფუნქციები; ბ.გ) ჩაბარებული აქვს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შემსრულებელ პირზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
