1.კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე). 1 1 . საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. ფურცლები მაგიდაზე იყრება. ამ ფურცლებს წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.
