პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 102. აკრედიტაციის სიმბოლო
1. აკრედიტაციის სიმბოლო არის აკრედიტაციის ცენტრის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაა რეგისტრირებული და დაცული.
2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია აკრედიტაციის სიმბოლო გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის სფეროში. საქმიანობის არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებისას აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე სხვაგვარი მითითება დაუშვებელია.
3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხისმგებელია აკრედიტაციის სიმბოლოს სწორად გამოყენებისთვის. აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული არ უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება დამკვეთს ან/და მომხმარებელს აკრედიტებულ სტატუსთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.
4. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებით აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ცენტრი ადასტურებს და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.
