1.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლა − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; დ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2.თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282 საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4060 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4137 - ვებგვერდი, 02.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.



