1.პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ 1 ) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–342 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; გ 2 ) ოცი წელი ამ კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
2.ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
3.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
4.საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
5.ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 5 1 . ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 144 1 −144 3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ასევე ამავე კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული და რომლის ჩადენას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
6.ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
7.გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
8.„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების საქართველოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გადმოგზავნისას საქართველოში პროცესის მწარმოებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №59 - ვებგვერდი, 13.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4224 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3887 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. თავი XIV სასჯელისაგან გათავისუფლება



