1.ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება, სხვა სახელმწიფოებში მათი პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა; ბ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფოებში გავრცელებაში და მათ პოპულარიზაციაში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების ხელშეწყობა; გ) სათანადო ქართული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის განსაზღვრა; დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას (მათ შორის, შესაბამის ენებზე თარგმნას); ბ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული ქართული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფების შექმნას; გ) ქართულ რეფორმებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების (სემინარები, სიმპოზიუმები და სხვა) ორგანიზებას; დ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე სხვა სახელმწიფოების საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის საზაფხულო სკოლების მოწყობას; ე) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში; ვ) პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევას ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციით; ზ) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებით; თ) საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ ტრენინგებზე, სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა კურსებზე გაგზავნას; ი) გრანტების გაცემას; კ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3.ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
