1.სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა; ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა; ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა; ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
