საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^26. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა
1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.
