საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^29. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.
3. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.
4. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.
5. თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, შესაბამისად, თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
