საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^77. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.
2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც ამ შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა ატყობინებს აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს და მას საქმის მასალებს უგზავნის. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
3. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.
4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტისა და მისი იმ ქმედების თაობაზე, რომელიც შეჩერდება; გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
