პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 89. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები
1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).
2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია: ა) მოდული A − შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი; ბ) მოდული B − პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო; გ) მოდული C − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდის პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას; დ) მოდული D − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს წარმოების ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას; ე) მოდული E − ტიპთან შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე − შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში ამოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემას ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირებას; ვ) მოდული F – შესაბამისობა, დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე − სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი, იმპორტიორი, აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე; ზ) მოდული G − შესაბამისობა, დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება; თ) მოდული H – შესაბამისობა, დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე − უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება.
