1.უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია .
2.I და II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმის (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა და სხვა) ოდენობა განისაზღვრება გრამებში, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, მისი შემავსებლების (შაქარი, წყალი, სახამებელი და სხვა) გარეშე, ხოლო პრეპარატის ან ნარევის შემთხვევაში – იმ ნივთიერების გარეშე, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.
3.თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული პრეპარატი ან ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.
4.ოდენობა არ განისაზღვრება III და IV სიაში შეტანილ ნივთიერებათა წამლის ფორმებზე ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა ) , აგრეთვე იმ პრეპარატებზე , რომლებიც არ არის შეტანილი სიებში. 4 1 . თუ ამ კანონის №2 დანართის ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა.
5.უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებში ცვლილებები შეაქვს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2118 – ვებგვერდი, 19.04.2018წ. თავი II. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია



