1.დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ბ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაციისას ენიჭება კონკრეტული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების განხორციელების უფლება.
3.საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას შესაბამისი პროვაიდერისთვის ნებადართული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების მითითებით. აღნიშნულ სიაში განცალკევებით მიეთითება საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი.
4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ და გაანგარიშებულ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობაზე ნაკლები.
5.პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
6.თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.
7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

