Статья 30. საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნები მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთი მესამედი.
2. პროპორციული სისტემით სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იმ საკრებულოების არჩევნებში, სადაც ასარჩევია 21 წევრზე მეტი, მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ სიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ ხუთი პროცენტი.
3. თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია .
4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების თანახმად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, კანდიდატთათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.
