ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს; დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ. პირი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს; ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ვ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.
