ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები
1. (ამოღებულია - 16.11.2023, №3714) .
2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება; ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს; თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ; ი) იმის შესახებ, რომ მისი ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, მართვისა და კონტროლის სისტემები, შეესაბამება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ წესს (მისი დადგენის შემთხვევაში); კ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა; ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის; მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; ნ) იმის შესახებ, თუ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელი ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების განხორციელებას გეგმავს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი; ო) რომლებიც დაადასტურებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაცემის მომენტში ლიცენზიის მაძიებელი შეძლებს უზრუნველყოს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2 1 . ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია უნდა შეიცავდეს იმ ძირითადი და დამატებითი მომსახურებების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც ცენტრალურ დეპოზიტარს ამ ლიცენზიის საფუძველზე აქვს მინიჭებული.
