ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 45^1. ბაზრის მანიპულაცია
1. ბაზრის მანიპულაციად მიიჩნევა შემდეგი ქმედება/ქმედებები: ა) გარიგების დადება, დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: ა.ა) ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა; ა.ბ) ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება; ბ) გარიგების დადება, სავაჭრო დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების ფასზე, თუ მას თან ახლავს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი საშუალების/სქემის გამოყენება ან სხვაგვარად მოტყუება; გ) ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან სხვა საშუალებით, გავრცელება, რაც იწვევს ან რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან ან მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ან ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე მიყვანა/მაჩვენებელზე შენარჩუნება, თუ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია (ცნობები) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო; დ) ბენჩმარკთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან/და მონაცემების მიწოდება, თუ ინფორმაციის გადამცემმა/მონაცემების მიმწოდებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია/მონაცემები მცდარი ან შეცდომაში შემყვანი იყო, აგრეთვე სხვა ქმედება, რომლის მიზანია ბენჩმარკის გაანგარიშების მანიპულირება.
