1.საბოლოო პროსპექტი მიეწოდება ინვესტორებს საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე , დაწყებისთანავე ან გაყიდვის პროცესში .
2.საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის (კერძოდ, ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის) შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი ასრულებს შემდეგ პროცედურას: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება; ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
3.თუ ემისიის პროსპექტში შესწორება შეიტანება ამა თუ იმ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით , ამ მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით , ხელმომწერებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე , ხოლო ემიტენტი ვალდებულია უკან დააბრუნოს ფასიანი ქაღალდების საფასური გამოუქვითავად , ხელმომწერთა მიერ უარის განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში . ხელმომწერნი , რომლებიც უარს არ განაცხადებენ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე , ექვემდებარებიან შეთავაზების ახალ პირობებს .
4.თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი შეიტყობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.
5.თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ ცვლილების (ახალი ინფორმაციის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე აღნიშნულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

