1.დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; ბ 1 ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება; დ) სხვა სამსახურში გადასვლა; დ 1 ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა; ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ: ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება; ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება; ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა; თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება; ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; მ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) ; ნ) გარდაცვალება; ო) მოქალაქეობის შეცვლა; პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ს ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები , რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული .




