დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 12^1. ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები
1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი; ე) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაპატიმრება, მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში ან/და საგამოძიებო მოქმედებებში, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; ვ) მსჯავრდებულის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე.
