დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 1 1 . მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიეცემა: ა) თუ იგი არის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან აქვს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლება, სამუშაო ვიზა ან/და ამ ქვეყანაში დროებით არის რეგისტრირებული. ეს გარემოება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უცხო ქვეყნის პასპორტით, ბინადრობის მოწმობით, სამუშაო ვიზით ან სხვა დოკუმენტით. ამ დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს სათანადო უფლების/მოწმობის მოქმედების ვადა; ბ) თუ მისი ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი) შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის (90 დღე) ვადამდე. საამისოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მისი მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული ახლდეს თავის ახლო ნათესავს. მსჯავრდებულის თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, განპირობებული უნდა იყოს იმ დასაბუთებული გარემოებით, რომ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს არ ჰყავს მის გარდა სხვა ახლო ნათესავი, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს. მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში მკურნალობას საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; დ) მისი გარდაცვლილი ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით. მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით; ე) თუ იგი საქართველოს სახელით მონაწილეობს ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით); ვ) თუ იგი მუშაობის ან სწავლის მიზნით მიიწვია შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რაც დასტურდება ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით), მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან/და ხელშეკრულებით, რომელიც (რომლებიც) დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი პირის მიერ. თუ მსჯავრდებულის უცხო ქვეყანაში სწავლას უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ზ) თუ იგი მეზღვაურად, მძღოლად ან ბორტგამცილებლად მუშაობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); თ) თუ იგი უცხო ქვეყანაში (გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების შესასრულებლად მიემგზავრება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა გაიცემა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რომლის დროსაც გაითვალისწინება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რისკი და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევა. ამასთანავე, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში), რომელშიც მიემგზავრება, და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან (არსებობის შემთხვევაში). 1 2 . მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი ვადით, თუ: ა) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილმა უწყებამ მსჯავრდებულს აუკრძალა ამ ქვეყნის დატოვება, აღნიშნულ ქვეყანაში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან მას მინიჭებული აქვს მოწმის სტატუსი, ან ეს გამომდინარეობს გამოძიების ინტერესებიდან; ბ) კვლავ არსებობს ამ მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; გ) ამოწურული არ არის ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90-დღიანი ვადა. 1 3 . მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გასაცემად აუცილებელია, არ არსებობდეს ამ კანონით დადგენილი, გადაუხდელი ჯარიმა. 1 4 . ამ მუხლის 1 1 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობისას მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შეიძლება გაიცეს ან ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად. 1 5 . მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის; ბ) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ან აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის; გ) მსჯავრდებულის მიერ შესაბამის პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა; დ) მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის იმ მიზნით ან იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად გამოყენება, რომელიც შესაბამის განცხადებაში არ მიუთითებია. 1 6 . მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შეიძლება არ გაიცეს ან გაცემული ნებართვა შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად. 1 7 . დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არარსებობისას. 1 8 . დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა, თუ მსჯავრდებული დეპორტირებული, რეადმისირებული ან ექსტრადირებული იყო უცხო ქვეყნიდან (ევროკავშირის წევრი ქვეყნის შემთხვევაში − შენგენის ზონის ქვეყნიდან) ან/და მსჯავრდებულმა დაარღვია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის წესები.
2.მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ნებართვის გაუქმების წესები და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3.(ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
4.(ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
5.მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი საფასური არ ბრუნდება.
6.საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მსჯავრდებულის სიცოცხლისთვის ან მისი არასრულწლოვანი შვილის/ნაშვილების/მინდობით აღსაზრდელის სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.
7.თუ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ვალდებულია დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.
8.სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება ამ მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ აღნიშნული მომსახურების ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ამ ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მისი მომდევნო სამუშაო დღე.
9.მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის ზედამხედველობისთვის გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს იგი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
10.სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი. აღნიშნული პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
11.მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას: ა) პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით; ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას (მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6957-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.