Статья 21. მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები
1. ყოველ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას უნდა მართავდეს მძღოლი.
2. მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
3. მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში. 3 1 . მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მგზავრთა გადაყვანა, თუ მას „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება.
4. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია მძღოლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ.
5. მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ..
6. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს. 6 1 . აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევა.
7. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
8. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
9. მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ ან სატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის, რომელსაც კალთაში უზის 3 წლამდე ბავშვი, მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
