უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 54^1. უცხოელის მიმალვის საფრთხე
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფასდება მისი მიმალვის საფრთხე. უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ: ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა; დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ; ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას ასკვნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით; თ) იგი საქართველოში შემოვიდა მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა; ი) იგი დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო და მას არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ლ) იგი არ ცხადდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას; მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს; ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
