1.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე.
2.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქონლის გადატანა ხორციელდება: ა) TIR-ის (საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების) დოკუმენტის საფუძველზე; ბ) ფოსტით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე; გ) სატრანსპორტო ზედდებულის, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს; დ) სხვა დოკუმენტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი ფორმით.
3.საქონლის ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი მიმართულებითა და მარშრუტით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ის უცხოური საქონელი, რომლის ტრანზიტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის აკრძალული.






